ქორულდის ტბები
ქორულდის ტბები მდებარეობს ზემო სვანეთში, ზღვის დონიდან 2850 მ-ზე, მესტიიდან 10 კმ-ის დაშორებით. ტბებს გარს აკრავს კავკასიონის მყინვარები.
სვანეთი სალაშქრო მარშრუტების მრავალფეროვნებით და შთამბეჭდავი ადგილების სირავლით გამოირჩევა, ქორულდის ტბებიც ერთ-ერთი ასეთი განსაკუთრებული ადგილია. ხავერდოვანი მდელოები, მოლივლივე წყალი და მცველად დამდგარი, ცადაწვდილი, თეთრი მყინვარები თავისუფლების, სიმშვიდისა და სიცოცხლის შეგრძნებით გავსებენ. ქორულდის ტბებიდან შესანიშნავი ხედები იშლება. დაინახავთ ზემო სვანეთის სოფლებსა და ენგურის ხეობას, ასვე შხარას, თეთნულდს, უშბას, ლაილას და სხვა მწვერვალებს. გაშლილი სივრცეები, მოელვარე ლურჯი ტბა და ტბის სარკეში არეკლილი მწვერვალები დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ტოვებს მნახველზე.
ამ ულამაზესი ადგილის მონახულება განსაკუთრებულ ძალისხმევას არ მოითხოვს და ნებისმიერ მსურველს შეუძლია ესტუმროს, რადგან მისვლა შესაძლებელია როგორც ფეხით, ასევე ცხენით და მაღალი გამავლობის მანქანითაც კი. ქორულდის ტბებზე ასასვლელად საჭიროა 4x4-ზე მანქანა. რეკომენდებული სეზონებია: გვიანი გაზაფხული, ზაფხული და შემოდგომა.