სათხილამურო კურორტი ჰაწვალი

სათხილამურო კურორტი ჰაწვალი

სათხილამურო კურორტი ჰაწვალი მდებარეობს სვანეთში, მესტიიდან 8 კილომეტრის დაშორებით. მისი მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან 2348 მეტრია, ხოლო მინიმალური 1868 მეტრი. აქ მოხვედრა მესტიიდან ძალიან სწრაფად და მარტივად შეიძლება. ჰაწვალს მესტიასთან აკავშირებს როგორც მოასფალტებული სამანქანო გზა, ისე 6 ადგილიანი საბაგირო. ზაფხულში მესტია - ჰაწვალის დამაკავშირებელი საბაგირო არ მუშაობს და ავტომობილით მოგიწევთ მისვლა კურორტზე. ზამთარში გზა იწმინდება და აქ მოხვედრა შესაძლებელია ნებისმიერი ტიპის ავტომობილით თუ იგი მომზადებულია თოვლზე სასიარულოდ. აქ მოხვედრას ასევე მარტივად შეძლებთ ტაქსით, რომელსაც მესტიის ცენტრში მარტივად დაიქირავებთ.

სასრიალო ტრასები
კურორტზე მოქმედებს 4 საბაგირო, რომელიც მოთხილამურეებს 10:00 დან 17:00 საათამდე ემსახურება:

საბაგირო ჰაწვალი აკავშირებს მესტიას კურორტ ჰაწვალთან, იგი სტარტს იღებს მესტიაში, ზღვის დონიდან 1428 მეტრზე და ადის 1898 მეტრზე.
სლალომი და ბიგელი მცირე ზომის საბაგიროებია, რომლებიც დამწყებთათვის არის გათვლილი.
ზურულდი მთავარი საბაგიროა, რომლითაც მოთხილამურეები სარგებლობენ. იგი 4 ადგილიანია და ზღვის დონიდან 1868 მეტრიდან 2348 მეტრამდე ადის.
ჰაწვალზე სულ 5 სათხილამურო ტრასაა, მათი სიგრძე კი ჯამში 7 კილომეტრს შეადგენს. დაშვების ყველაზე გრძელი მანძილი დაახლოებით 3 კილომეტრია. აქ შეხვდებით ყველანაირი სირთულის ტრასებს:

დამწყები მოთხილამურეებისთვის ფუნქციონირებს ორი საბაგირო: სლალომი და ბიგელი. მათი მეშვეობით შესაძლებელია სრიალი მოკლე (550 მეტრი), დამწყებებისთვის განკუთვნილ ტრასებზე.
საშუალო დონის და პროფესიონალ მოთხილამურეებს შეუძლიათ ისარგებლონ საბაგირო ზურულდით და დაეშვან რთულ ან საშუალო დონის ტრასებზე.
რაც შეეხება თავგადასავლების მოყვარულ ექსტრემალებს, მათ შეუძლიათ ხშირ ტყეში, ძალიან ციცაბო ფერდებზე მოსინჯონ საკუთარი ძალები. ასევე საკმაოდ საინტერესოა საბაგიროს ქვეშ სრიალი სადაც უამრავ ბუნებრივ დაბრკოლებას შეხვდებით.

 

აღსანიშნავია, რომ სასრიალო ტრასა მესტიაში არ ბრუნდება და თუ ექსტრემალი არ ხართ კურორტიდან უკან დაბრუნება ისევ საბაგიროთი მოგიწევთ.

ჰაწვალზე ასევე დამონტაჟებულია ღამის განათებები და ხშირად იმართება ღამის სრიალი.