სათხილამურო კურორტი თეთნულდი

სათხილამურო კურორტი თეთნულდი

სამთო-სათხილამურო კურორტი თეთნულდი მდებარეობს ზემო სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთის კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე. სათხილამურო ტრასის მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან 3160 მეტრია, ხოლო მინიმალური 2260 მეტრი. კურორტი მესტიიდან 15 კილომეტრშია, ტრანსპორტირების საშუალო დრო 1 საათი.

თეთნულდის სათხილამურო ტრასა, ამიერკავკასიაში ყველაზე გრძელი - 9,5 კმ. და ყველაზე დიდი ვერტიკალური ვარდნის მქონეა - 1,7 კმ. სათხილამურო ტრასების საერთო სიგრძე ჯამში 30 კილომეტრია. კურორტ თეთნულდზე, ამ ეტაპზე დამონტაჟებულია 4 საბაგირო, ორი ღია და ორი ბაბლის ტიპის, წარმოებული კომპანია „პომა“-ს მიერ. ეტაპობრივად იგეგმება განვითარება და ახალი საბაგიროების მოწყობა - მონტაჟი.

 



ინფრასტრუქტურა
სათხილამურო კურორტ თეთნულდის მშენებლობა დაიწყო 2014 წელს, პირველი ეტაპი დასრულდა 2016 წელს, ეტაპობრივად მიმდინარეობს მისი განვითარება. ამჯამად კურორტზე ფუნქციონირებს რესტორანი თეთნულდი და რამდენიმე სწრაფი კვების ობიექტი. კურორტზე შესაძლებელია სათხილამურო აღჭურვილობის ქირაობაც. ასევე მოწყობილია უფასო ავტოსადგომი. უშუალოდ კურორტზე ამჟამად არის მხოლოდ ერთი სასტუმრო, თუმცა მესტიასთან სიახლოვის გამო ტურისტები უპირატესობას ანიჭებენ მესტიაში განთავსებას, სადაც გაცილებით ფართო არჩევანია როგორც საოჯახო, ისე მაღალი კლასის სასტუმროებს შორის.